2026-09-29 18:43:27
თბილისის მცხეთასთან, ლილოსთან და რუსთავთან დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი დასრულდა და შემდეგი ეტაპი შემოსული განაცხადების შეფასება და მოკლე სიის (shortlist) მომზადებაა.
აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შერჩეულ საკონსულტაციო კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება 2026 წლის 30 დეკემბრიდან იგეგმება, კვლევის ჩასატარებლად სამუშაოების ხანგრძლივობა კი 8 თვეა.
კვლევის მიზანია თბილისის აგლომერაციაში სუბურბანული სარკინიგზო სისტემის განვითარების შესაძლებლობის შესწავლა. პროექტის ფარგლებში უნდა შეფასდეს ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს შორის სარკინიგზო კავშირების განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის თბილისთან რუსთავისა და მცხეთის დაკავშირების პერსპექტივა.
კვლევის ჩასატარებლად ADB-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 393 000 აშშ დოლარია.