"ნაქირავებ ბინაში გადაიყვანენ"

2026-09-29 13:33:20

რუსთავში მე-14 მიკრორაიონის N10 კორპუსში ოჯახს, რომელსაც ვალის გადაუხდელობის გამო ბინა ბანკმა გაუყიდა, დროებით ნაქირავებ ბინაში გადაიყვანენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" უთხრეს, ბინის ახალ მეპატრონესა და ეკატერინე მაღალაშვილს შორის შეთანხმება შედგა.

სამი არასრულწლოვანის დედას ბინის მეპატრონემ სამი თვე მისცა, რათა ბინის საფასური 45 000 ამერიკული დოლარი მოაგროვოს და გადაუხადოს. ამ პერიოდის განმავლობაში კი, ბინა დაკეტილი იქნება და მისი არც გასხვისება და არც გაქირავება მოხდება.

"ბინა უქირავეს და შვილებთან ერთად იქ გადაიყვანეს. მეპატრონემ 3 თვე მისცა, რათა 45 000$ მოაგროვოს და ბინა გამოისყიდოს. ამ დროის განმავლობაში კი სახლი ხელუხლებელი და დაკეტილი იქნება",- უთხრეს "ინფო რუსთავს" ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ მე-14 მიკრორაიონის N10 კორსპუსთან რამდენიმე საათის წინ ხმაური იყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც ეკატერინე მაღალაშვილს 3 არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ბინიდან ასახლებდნენ.