შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისსა და რეგიონებში 17 პირი დააკავა - მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. [ვიდეო/video]
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ქუთაისში, აჭარასა და კახეთის რეგიონში ნარკოდანაშაულისთვის 17 პირი დააკავეს, მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ვ.ბ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2945 აბი ნარკოტიკული საშუალება "ტრამადოლი", 2586 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი", სარეალიზაციოდ გამზადებული და 71 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , "გეკოს" სისტემის იარაღი, ხელყუმბარა, 305 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 7 მჭიდი.