ისტორიული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს [photo]

2022-05-11 16:06:23

რუსთავში ორი ისტორიული მნიშვნელობის შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია მიმდინარეობს.

რუსთავში, ისტორიული მნიშვნელობის შენობების - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-რესტავრაცია  მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

"რუსთავში, ორი ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განახლებული სერვისებით დაუბრუნდება ქალაქს, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება #1 საბავშვო ბაღის ორივე ფლიგელს, სადაც ეზოც კეთილმოეწყობა. ჯამში ჩვენ ამ ორივე პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტს დავხარჯავთ", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის ზურაბ ტაბაღუას განცხადებით, ორივე ისტორიული შენობის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნა.

"საკრებულოს წევრები ხშირად ვხვდებით მოსახლეობას და ორივე პროექტზე  ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. მოსახლეობის მხრიდან სურვილი გამოითქვა, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უფრო მრავალფუნქციური გამხდარიყო, ასევე რეაბილიტაცია ჩატარებოდა #1 ბაღს", - განაცხადა ზურაბ ტაბაღუამ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტი შენობის შიდა ინტერიერისა და ფასადის განახლებას, განათების, ვენტილაციისა და ცენტრალური გათბობის ქსელის მონტაჟს ითვალისწინებს. მოწესრიგდება შენობის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები და ღია კაფეც მოეწყობა. მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე, რეაბილიტაციის შემდეგ, არაფორმალური განათლების ცენტრის დატვირთვას დაიბრუნებს.  რუსთაველი ბავშვები, სრულად რეაბილიტირებულ შენობაში ახალი უნარ- ჩვევების შეძენას, მიმდინარე წლის შემოდგომიდან შეძლებენ.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ  პირველ საბავშვო ბაღს, სადაც სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, ორივე ფლიგელისა და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა, შიდა სარემონტო სამუშაოები, შენობის გამაგრება-რესტავრაცია იგეგმება. დამონტაჟდება გათბობის და სახანძრო უსაფრთხოების სისტემაც. კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზოც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, მწვანე სივრცეები, ფანჩატურები და საბავშვო კომბინირებული ატრაქციონები მოეწყობა. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 3 024 879 ლარია.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.