ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ორ პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ერთ-ერთმა დაკავებულმა, ბექა შენგელიამ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, პროკურორების მისამართით ფეხსაცმელი ისროლა.
როგორც პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე რეაგირება უკვე დაწყებულია.
"დღეის მდგომარეობით, ამ ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებები სრულდებოდა და გრძელდებოდა სასამართლო პროცესზე, სადაც მათ განახორციელეს სასამართლოს უპატივცემლობა. ყველა ამ გარემოებაზე და ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება იქნება და ეს რეაგირება უკვე დაწყებულია. შესაძლებელია, ბრალი დამძიმდეს“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და დავით მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.