"ციფრული ბოტასი ყველაზე პოპულარული საქართველოშია"

2022-05-05 13:03:42

Google Trends-ის მონაცემებით, ძიებებს შორის Step'n 'NFT ბოტასი' ყველაზე პოპულარული საქართველოშია. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიან ინტერნეტძიებებს შორის Stepn-ის 'NFT ბოტასს' ყველაზე მაღალი წილი უჭირავს საქართველოში, ვიდრე - სხვა ქვეყნებში.

სწორედ ამიტომ Google Trends-ის თანახმად, საქართველოში Stepn-ის მიმართ ინტერესი 100 ქულით ფასდება, შემდეგ ადგილზეა ჩინეთი, სადაც Stepn-ისადმი ინტერესი 38 ქულით ფასდება, შემდეგ მოდის ჰონგ-კონგი და იაპონია 26-26 ქულით და ყაზახეთი 25 ქულით.

ბლოკჩეინ Solana-ზე აგებული აპლიკაციის - STEPN-ის მომხმარებლის რაოდენობა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. მის მიმართ ინტერესი ბოლო რამდენიმე კვირაში მკვეთრად გაიზარდა რუსთაველებშიც. თუ თქვენ საღამოს საათებში რუსთავის ცენტრალურ პარკში გაისეირნებთ, Stepn-ში მოთამაშე არაერთ ადამიანს ნახავთ.

უშუალოდ საქართველოში დღეს ციფრული ბოტასისადმი ინტერესი უფრო მაღალია, ვიდრე Bitcoin-ის ან ეთერიუმის მიმართ ინტერესი.

ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ტოკენების მოყვარულთა საზოგადოება ციფრულ ბოტასებს თვალს აქტიურად მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული ადევნებს. მის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშაონ. საუბარია ბლოკჩეინ Solana-ზე აგებულ აპლიკაციაზე STEPN, რომელმაც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, განსაკუთრებული პოპულარობის მოპოვება მოახერხა. ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გავლენის მქონე ექსპერტების აზრი ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით ორად გაიყო.

STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად უწევს NFT-ბოტასების შეძენა, რომელთა ფასი, დღეის მდგომარეობით, 12-15 SOL-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დაახლოებით რეალური $1200-ის ეკვივალენტია. ბოტასების მფლობელები, თამაშის შიგნით არსებულ მონეტებს − GST (GreenSatoshi)-ს აგროვებენ, რომლის ფასიც ამჟამად 5,7 დოლარს შეადგენს. მოგვიანებით, მომხმარებლებს შეუძლიათ GST გადაცვალონ Sol-ზე ან USDC-ზე - კრიპტომონეტებზე, რომლებსაც რეალურ ფულად გაანაღდებენ.