საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებისთვის სადიაგნოსტიკო ტესტირებები უნდა ჩატარდეს.
მათი შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება) მოხდება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
2021 წელს პროექტის პილოტირებაში 7000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ელექტრონული სისტემის გამოცდის მიზნით მაისის თვეში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პილოტირება იგეგმება.