ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია HEKS/EPER ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაა.
პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" პრეზენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაიმართა.
პროექტი რეგიონების მასშტაბით ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში ბოლნისში, მარნეულში, დმანისში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში განხორციელდება, რომელიც მიზნად, სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანების აქტიურ ჩართულობას, მედიის გაძლიერებას და ინკლუზიური მმართველობის სტილის დამკვიდრებას ისახავს.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.