რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოება იყო.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, შრომითი უსაფრთხოების კუთხით წინსვლისთვის საჭიროა 3 რგოლის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სწორედ დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იყო წარმოდგენილი.
"დღეს არის სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა ხსენების დღე. ამ დღეს 2004 წლიდან აღნიშნავს საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება ღონისძიებებით. წელს გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, ერთ-ერთი კონფერენცია დაგვეთმო რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში და სტუმრად გვეწვივნენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე, მთავარი შრომის ინსპექტორი ბექა ფერაძე და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელმაც დააორგანიზა და მხარი დაუჭირა დღევანდელ ღონისძიებას.
მთავრობა, დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფკავშირები არიან სოციალური პარტნიორები. შრომით ურთიერთობებში, როგორც იცით, არის სამი მხარე საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით. შესაბამისად, ეს სამი მხარე საქართველოშიც ცდილობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გარკვეული წინსვლა ჰქონდეს", - განაცხადა დოლაბერიძემ.
კონფერენციას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად ტაძარში პარაკლისი აღევლინა.