რუსთავში ახალი საწარმო გაიხსნა

2022-04-27 15:19:36

რუსთავში ახალი საწარმო "პოლივიმი" გაიხსნა.

საწარმო ნედლეულის სახით პოლიეთილენ-ტერეფტალატის მეორადი ბოთლის გადამამუშავებელ ფანტელებს იღებს, ხოლო საბოლოო პროდუქციის სახით პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს, რომელიც ექსპორტზე გადის თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში.

სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და ნედლეულს წარმოადგენს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის.

საწარმოს მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები.

"ოფიციალურად გავხსენით პოლივიმის საწარმო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მიმართულებისთვის. აქ როგორც საწარმოო პროცესი არის ეკოლოგიურად სუფთა, ასევე გადამუშავდება მეორადი პლასტმასა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ ქალაქში როგორ შეიძლება მეორადი პლასტმასის შეგროვება მოხდეს და ამ საწარმოს ექნება ძალიან დიდი პოტენციალი. ერთი რომ ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობაზე იზრუნოს, მეორე რომ გაფართოვდეს და დაასაქმოს მეტი რუსთაველი",- განაცხადა ლაცაბიძემ.

საწარმო ირანული ინვესტიციით აშენდა და მთლიანობაში 11 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. როგორც "პოლივიმის" დირექტორმა ქამრან ფარიზადმა განაცხადა, ამ დროისთვის საწარმოში 52 ადამიანია დასაქმებული.

დასაქმებულთა უმრავლესობა რუსთაველია. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1000-დან 1500 ლარამდეა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები