უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული რუსთაველი სამხედრო, ზაზა ბიწაძე რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს.
რუსთაველი ჯარისკაცი სამხედრო პატივით დაიკრძალა.
ცერემონიაში მონაწილეობა საპატიო ყარაულმა და სამხედრო ორკესტრმა მიიღო, რომელმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
რუსთაველი სამხედრო სამშობლოში 24 აპრილს ჩამოასვენეს. ორი დღის განმავლობაში დასვენებული იყო საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო 26 აპრილს გადაასვენეს რუსთავის სიონის ტაძარში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, სამხედროს გამოემშვიდობნენ როგორც ოპოზიციის, ასევე სამთავრობო გუნდის წარმომადგენლები.
უკრაინაში დაღუპულ რუსთაველ მებრძოლს პატივი მიაგეს დავით კირკიტაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ასევე "სტრატეგია აღმაშენებლიდან" გიორგი ვაშაძე.
რუსთავის სიონის ეკლესიაში პანაშვიდზე მივიდნენ ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე და რუსთავის საკრებულოს წევრები.
შეგახსენებთ, ზაზა ბიწაძე 16 აპრილს ლუგანსკის ოლქში ქალაქ რუბეჟნოესთან იმ დროს დაიღუპა, როდესაც ალიკა ცაავასთან ერთად დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის გამოყვანას ცდილობდნენ. თანამებრძოლების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ის ავტომობილი ააფეთქეს, რომლითაც ალიკა ცაავა და ზაზა ბიწაძე გადაადგილდებოდნენ.