დადგენილია პირი, რომელიც უცნაურ ნახატებს აკეთებდა

2022-04-23 18:17:18

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელედა თბილისის ქუჩებში გაკეთებული ნახატების ამსახველი ფოტოები, რომელიც საზოგადოებისთვის გაურკვეველი იყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. როგორც "ინფო რუსთავს" უწყებაში განუცხადეს, იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ქუჩებში უცნაურ ნახატებს აკეთებდა.

"პირი ნამდვილად იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა",- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ ბარში მზარეულად მუშაობს. მას შინაური ცხოველი ჰყავს, რომელსაც "შიშა" ჰქვია და ბოლო დროს სწორედ მას ხატავდა ქუჩებში.