ბავშვებში სეზონური ვირუსი გააქტიურდა.
ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში. ხველა და სუნთქვის უკმარისობა - ეს ძირითადი სიმპტომებია, თუმცა ამასთანავე დამახასიათებელია ბრონქების ანთება.
სეზონური ვირუსული ინფექციების გამო, პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოშიც, თუმცა მნიშვნელოვნად არა.
როგორც "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულებებით 25 პაციენტია მოთავსებული, თუმცა მათგან არცერთის მდგომარეობა მძიმე არაა.
სპეციალისტები ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მშობლებს ბავშვის ჰოსპიტალიზაციისკენ მოუწოდებენ.