რუსთავში ერთ-ერთი საწარმო 45 000 ლარით დააჯარიმეს

2022-04-21 12:49:00

რუსთავში საწარმო "ჯეოსთილი" 45 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვეული CO-ს რაოდენობა ჰაერდაცვითი დოკუმენტით დადგენილ ნიშნულს 22-ჯერ აღემატებოდა, რის გამოც "ჯეოსთილს" გარემოსდაცვითი ზედემხედველობის დეპარტამენტმა საჯარიმო ოქმი გამოუწერა.

"ჯეოსთილი ერთ-ერთი პირველი საწარმოა, სადაც ჩვენ განვახორციელეთ ვიზიტი, ადგილზე გვქონდა საშუალება, რომ გავცნობოდით საწარმოში მიმდინარე პროცესებს. ვნახეთ, რომ საწარმოში უკვე დამონტაჟებულია თვითმონიტორინგის სისტემები, თუმცა არ არის ჩართული ჩვენი ელექტრონული მონიტორინგის ბაზაში, ანუ ერთიან სისტემაში. ავხსნი რა არის ამის მიზეზი. აღმოჩნდა და გამოიკვეთა, რომ ინსტრუმენტულმა გაზომვებმა, მილში ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა ცალკეული მავნე ნივთიერებებთან მიმართებით გასაახლებელი იყო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა შეთანხმდეს პირველ ეტაპზე სამინისტროსთან. ეს ეხება ჰაერდაცვით დოკუმენტაციას, ანუ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც საწარმომ წარმოადგინა სამინისტროში და მიმდინარეობს ამ ტექნიკური რეგლამენტის განხილვა, განხილვის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ CO-ს გაფრქვევები 22-ჯერ აღემატება იმ მოცულობებს, რაც დადგენილი გახლდათ წინა ჰაერდაცვითი დოკუმენტებით, შესაბამისად საკითხი გადაიგზავნა ზედამხედველობის სამსახურში დამატებითი შესწავლისთვის და საწარმო დაჯარიმდა 45 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმით. 18 აპრილს შედგა ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ოქმი, რომელიც ასევე გაეგზავნა საწარმოს",- განაცხადა თანდილაშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები