გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას, რომელიც პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგა, რუსთაველმა პარლამენტარმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა.
როგორც დალაქიშვილმა აღნიშნა, საწარმოების ნაწილი კანონს არ იცავს და ჩნდება განცდა, რომ კანონთან შესაბამისობაში მოსვლას არ გეგმავენ.
"თქვენს ანგარიშში, როგორც აღნიშნეთ, რამდენიმე თვეა უკვე ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონი საწარმოებს ავალდებულებს, თვითმონიტორინგის სისტემებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაკონტროლებას. აქტიურად ვმუშაობთ გარემოს დაცვის კომიტეტი სამინისტროსთან, მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს, კონკრეტულად, რუსთავში აქტიურად ვართ ჩართულები. გამოვლინდა მთელი რიგი საწარმოები, რომლებიც კანონის ამ მოთხოვნებს, ასე ვთქვათ, არ იცავენ და განცდა დაგვრჩა რამდენიმე საწარმოს მხრიდან, რომ არც გეგმავენ და გვაინტერესებს სამინისტროს პოზიცია, ასეთი საწარმოების მიმართ, უფრო მკაცრი მიდგომები ხომ არ იქნება, ვინაიდან რუსთავში ძალიან მძაფრად დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ვფიქრობ, რიგ შემთხვევაში მკაცრი მიდგომები, პრობლემის მოგვარებას და პრევენციას უფრო ხელს შეუწყობს" - განაცხადა დალაქიშვილმა.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა მიდგომები უფრო მკაცრი, ვიდრე ახლაა, მაგრამ თქვა, რომ ამ დროის მონაცემებით, თვითმონიტორინგის სისტემაში 5 ორგანიზაციაა ჩართული, 2-ს კი განაცხადი გაკეთებული აქვს.
"მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით კონკრეტულ ღონისძიებებს და ერთობლივ მონიტორინგს ვახორციელებთ საწარმოების, ამაში ჩართულია გარემოს დაცვის კომიტეტიც. რუსთავში განსაკუთრებით მიმდინარეობს თვითმონიტორინგის სისტემების ამოქმედებასთან, ასევე საწარმოეის მიერ შესაბამისი ფილტრების და სისტემების მონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი. 5 ორგანიზაციაა, რომელიც თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართულია, 2-ს აქვს ასევე განაცხადი გაკეთებული და ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად კოორდინაციას შესაბამის საწარმოებთან, რათა ყველა ვალდებულება, რომელიც გაწერილია, იყოს მაქსიმალურად შესრულებული. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება და ჩვენ ბევრი, გაცილებით მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჰაერი დაბინძურებისგან", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.