შეიცვლება თუ არა რუსთავი-თბილისის ავტობუსების მარშრუტი

2022-04-14 18:01:28

"ხაზი, რომელიც დადგენილია, დადგენილია თბილისის საკრებულოს მიერ და რუსთავს თვითნებურად არ აქვს შესაძლებლობა, რომ ალტერნატიული გაჩერება ან ალტერნატიული მარშრუტი განვსაზღვროთ", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტომ ლაცაბიძეს ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების მარშრუტი დაკორექტირდეს, მაგალითად, შეიცვალოს პირველი და ბოლო გაჩერებების ადგილმდებარეობები, რის საპასუხოდაც ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი არ არის.

"ეს არის თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი და ჩვენ ამ დადგენილებით ვსარგებლობთ. რუსთავის გასასვლელზეც იყო კითხვები და ამასაც რომ ვუპასუხოთ, რატომ რუსთავის გასასვლელი? ამ ეტაპზე, ჩვენ ფიზიკურად არ გვაქვს მეტი შესაძლებლობა, 20 წუთიანი ინტერვალით მხოლოდ რუსთავის გასასვლელიდან შეუძლია ავტობუსმა იაროს. ქალაქის შემთხვევაში, იქნება გადატვირთული და 20 წუთის ინტერვალით ვერ შეძლებს ჩვენი ტრანსპორტი მოძრაობას. მარშრუტი არის დამტკიცებული თავისი გაჩერებებით და ჩვენ ამ დადგენილებას ვერ გადავუხვევთ. ეს არის ხაზი, რომელიც არის დამტკიცებული თბილისის საკრებულოს მიერ", - აცხადებს რუსთავის მერი.

შეგახსენებთ, გუშინ, 13 აპრილს რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსები დაინიშნა. მოქალაქეების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ მათთვის მარშრუტი, რომლითაც აღნიშნული ავტობუსები მოძრაობს, ხელსაყრელი არ არის.