"ჩვენთან შეუთანხმებლად გააძვირეს მგზავრობის ფასი" [video]

2022-04-12 19:00:55

რუსთავის-თბილისის მიკროავტობუსებზე მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში მგზავრთა გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა რუსთავის მერს და საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს განუმარტეს, რომ ფასის ზრდა საწვავის ფასის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ განაპირობა.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში საწვავის ფასი 83%-ით გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასის მდგენელი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. საზეთი-საცხი მასალები 25%-ით, საბურავები 60%-ით, ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯები 150%-ით გაძვირდა. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი საბაზრო ფასების პირობებში, მგზავრობის ძველი ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა,” - განაცხადა კომპანია "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ გაჩეჩილაძემ.

როგორც რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა საფასურის ზრდის შესახებ კომპანიამ მათ წინასწარ არ აცნობა და ზრდა შეთანხმების გარეშე მოხდა.

"შევხვდით ინტრეტრანსის წარმომადგენლებს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათ ჩვენთან შეუთანხმებლად გააძვირეს მგზავრობის ფასი. ვალდებულება აქვთ, რომ ერთი თვით ადრე მოგვმართონ მერიას, ეს ვალდებულება იყო დარღვეული, მხოლოდ გუშინ შემოვიდა წერილი.

ამიტომ ვთხოვეთ მათ, აეხსნათ რამ განაპირობა ფასის ზრდა. ჩვენ გარკვეულწილად ლოიალური დამოკიდებულება გვქონდა, შეიძლება ითქვას, სერვისი, რომელსაც იღებდნენ და პირობები, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული რიგ შემთხვევებში ირღვეოდა. ამას ვაკეთებდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ფასი არ გაზრდილიყო და შენარჩუნება მომხდარიყო თანხის. ვითვალისწინებდით მოსახლეობის ინტერესებს.

დღეს ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე, მათი მხრიდანაც იყო გარკვეული პრობლემები დაყენებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ნამდვილად რუსთაველებს მივცემთ პირობას, რომ აქტიურად ჩავერთვებით ამ პრობლემის მოგვარებაში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გარკვეული გამოსავალი მოვძებნოთ",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის განმარტებით, რადგან "ინტერტრანსმა" ფასის ზრდასთან დაკავშირებით მერიაში განაცხადი ერთი თვით ადრე არ შეიტანა, კომპანიას ჯარიმა დაეკისრება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები