გამოფენა რუსთავში [photo]

2022-04-07 19:18:26

რუსთავში, ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ქანდაკებებისა და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საგამოფენო სივრცეში მოქანდაკე ზაქარია გულისაშვილისა და ფერმწერ მალხაზ დათუკიშვილის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

სამხატვრო სკოლაში 32 ექსპონატი გამოეფინა.

"წარმოვადგინე 12 ნამუშევარი, მეტალში შესრულებული ქანდაკებები. გათვალისწინებული მაქვს, რომ ეს ქანდაკებები დაიდგას სკვერებსა და პარკებში, ღია ცის ქვეშ. აბსტრაქტული კომპოზიციებია, მონუმენტური ქანდაკებებია წარმოდგენილი", - განაცხადა ზაქარია გულისაშვილმა.

ფერმწერის თქმით, ნახატებისა და ქანდაკებების საერთო სივრცეში წარმოდგენის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე.

"წარმოდგენილია ჩემს მიერ შესრულებული 20 ნამუშევარი. ძირითადი კონცეფცია არის შავი და თეთრი, კეთილისა და ბოროტის ურთიერთდამოკიდებილება. ნაკლები ფერია ამ ნამუშევრებში, უფრო მასალაშია გაკეთებული. ამას ჰქვია საგნობრივი მინიმალისტური შემოქმედება და უფრო სიმბოლიკაზეა დამყარებული.

ჩემთან შავ-თეთრი დომინირებს, ქანდაკება არის ფერადი, ანუ ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ბოლო მაინც კეთილია", -  განაცხადა მალხაზ დათუკიშვილმა.