მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან და გადაუხდელი ჯარიმა-საურავის გადახდისგან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე თავისუფლდებიან.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე წარდგენილია.
კანონის პროექტის ერთ-ერთი ავტორის ბექა დავითულიანის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის მიერ 2021 წელს განხორციელებული ცვლილების გაგრძელებას წარმოადგენს. კერძოდ, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი პასუხისმგებლობისგან 2022 წლის 1 იანვრამდე იყო გათავისუფლებული.
ცვლილების თანახმად კი, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს პასუხისმგებლობა 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.