თამბაქოზე ფასები იზრდება

2022-04-07 11:29:23

ადგილობრივ ბაზარზე უკვე შეინიშნება გარკვეული დასახელების სიგარეტის დეფიციტი. აღნიშნული კი უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკავშირდება. რადგან სწორედ, უკრაინა იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი ამ თვალსაზრისით. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში უკრაინიდან 3 677 570 აშშ დოლარის სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან შემოვიდა, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2 583 640 აშშ დოლარით, მე-3 ადგილზე კი ირანია, საიდანაც იმპორტმა 1 839 250 აშშ დოლარი შეადგინა. ჯამში, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 9 222 360 აშშ დოლარის სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება 2021 წელს, თამბაქოს იმპორტმა ჯამში 101 795 670 აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობდა უკრაინა, საიდანაც იმპორტმა - 77 960 060 დოლარი შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ თამბაქოს იმპორტის 76,6% სწორედ უკრაინაზე მოდის. გასულ წელს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მე-2 ადგილზე იყო სომხეთი - 9 807 890 აშშ დოლარით, მე-3 ადგილს 6 497 690 დოლარის იმპორტით არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებდა.