მამუკა მდინარაძე უკრაინის ბრალდებებთან დაკავშირებით

2022-04-06 14:28:25

"ქართულ ოცნებაში" მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა.

"ელასთვის აშკარაა, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ, ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, Fake-ნიუსების, პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველდგვარ წითელ ხაზებს გასცდა. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას - "საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად", მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა მკაფიო, პრინციპული პოზიცია. ასე იყო ევროსაბჭოში, სადაც საქართველომ რუსეთისათვის წევრობის სტატუსის შეჩერებას დაუჭირა მხარი, გაეროში, სადაც საქართველო შესაბამისი რეზოლუციის თანასპონსორი იყო. პრინციპული პოზიცია გვქონდა ეუთოში, ჰააგის სასამართლოსთან მიმარტებით და ყველგან, სადაც უკრაინას ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა დასჭირდა და სჭირდება. აღარაფერს ვამბობთ ასობით ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე, ჩვენ ყველგან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ.

ამ ფონზე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი ამჯერად სრულიად გაუგონარი განცხადება, რომელიც შეურაცხმყოფელია როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დაემატა მტკიცებულებების მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რაც არათუ მხოლოდ ბუნებაში არ არსებობს და აბსურდია, არამედ მსგავსი სიბინძურე ფიქრადაც არავის გაუვლია ჩვენი მხრიდან. მტკიცებულებები მოსთხოვო მას, ვისაც წარმოუდგენელი განზრახვა და დანაშაული დააბრალე, სპეციალურად საქართველოს წინააღმდეგ გამოგონილი ნოუ-ჰაუა ამ სფეროში. გასაგებია, რომ ამგვარი განცხადებების უკან საქართველოში ომის პარტიის, ოპოზიიისა და უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული ადამიანები დგანან, მათ შორის, უკრაინის უსაფრთხოების სისტემაში ბოლო პერიოდში დანიშნული პირი. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა მდინარაძემ.