დედაქალაქში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მომავალ წელს შემოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, 200 ერთეული ავტობუსიდან 20 რუსთავი-თბილისის მარშრუტისთვის უნდა გამოიყოს.
კალაძემ აღნიშნა, რომ მერია ამჟამად ავტობუსის 7 და მიკროავტობუსის 10 ახალ მარშრუტს ამატებს.
"ყოველდღიურად მიმდინარეობს ახალი მარშრუტების დამუშავება იმისთვის, რომ კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ მგზავრებისთვის ქალაქში გადაადგილება და მოცდის დრო შევამციროთ. ამისთვის დაგეგმილი გვაქვს დამატებით ახალი 18-მეტრიანი, 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვა, რომელიც მომავალ წელს დაემატება დედაქალაქს. გარდა ამისა, ყოველდღიური მუშაობით დგინდება ახალი მარშრუტები. ემატება ავტობუსის 7 ახალი მარშრუტი და მიკროავტობუსების 10 ახალი მარშრუტი", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის 20 მაისს კახა კალაძემ განაცხადა, რომ დაინიშნებოდა თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
2021 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია 200 ავტობუსის შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 70 მილიონ დოლარიან სესხს აიღებს.
ამავე პერიოდში დედაქალაქის მერიაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დოკუმენტაციაზე მუშაობა და ავტობუსების შესაძენად ელექტრონული ტენდერიც მალევე უნდა გამოცხადებულიყო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თითოეული ავტობუსი ერთ გადაყვანაზე 130 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და სატრანსპორტო საშუალებები 15 წუთიან ინტერვალებში ივლიან.