რუსთავის ბიუჯეტი 100 000 000 ლარი გახდა

2022-04-05 13:25:01

რუსთავის ბიუჯეტი 100 000 000 ლარი გახდა. 

როგორც ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა გაზრდილი ბიუჯეტი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება, რომელთა შორისაცაა ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაცია.

"რუსთავის ბიუჯეტი უკვე 100 მილიონი ლარია. გასულ წელთან შედარებით 50  მილიონით გაზრდილი ბიუჯეტი მოგვცემს ახალი და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას. ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ რუსთავში შემოსასვლელის რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ახალი მწვანე სივრცე, რომელიც ტექნიკური წყლით იქნება უზრუნველყოფილი. მოწესრიგდება ყველა ცენტრალური მოედანი, ჩაუტარდება რეაბილიტაცია და აქაც დაემატება მწვანე ზონები. ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები იქნება რუსთავისთვის და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბიუჯეტში ამ პროექტების გათვალისწინება",- განაცხადა ლაცაბიძემ.

უკვე გამოცხადებულია ტენდერი ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობაზე მესხიშვილის ქუჩაზე. ასევე ცოტა ხანში დაიწყება დიდების ხეივნის და თავგორაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციაც. პროექტის მიხედვით,  რესტავრაცია ჩაუტარდება დიდების ხეივანში არსებულ ყველა მემორიალს.

ახლო მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კლდიაშვილის სახელობის სკვერს და აშენდება არაფორმალური განათლების ცენტრი.

რუსთავის მერის თქმით, ბიუჯეტში მატება ძირითადად ცენტრალური ხელისუფლებიდან სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერით მოხდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები