შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები რუსთავში

2022-04-03 13:12:34

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი შატაკიშვლი გახდა.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, #12 მაჟორიტარულ ოლქში, რუსთავსა და გარდაბნის 10 თემში, 121 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, შატაკიშვილმა შუალედურ არჩევნებში 34 333 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 90.61%-ია.

მმართველ გუნდს კონკურენტი არ ჰყავდა დიდი ოპოზიციური პარტიებიდან. როგორც იცით, ოპოზიციიდან რუსთავის მაჟორიტარობა "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სურდა, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კანდიდატურა მოხსნა.

შუალედურ არჩევნებში ირაკლი შატაკიშვილის კონკურენტები იყვნენ მამუკა ტუსკაძე და კამალ მურადხანოვი. ტუსკაძეს 2 634-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო ხმების 6.952%-ია, მურადხანოვს კი 923-მა, რაც ხმების 2.436%-ს შეადგენს.

წინა საპარლამენტო არჩევნები ქვეყნაში 2020 წელს ჩატარდა, სადაც რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან ნინო ლაცაბიძე იყო. ლაცაბიძემ საპარლამენტო არჩევნებში 33 650 ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები #12 მაჟორიტარულ ოლქში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარმა, ნინო ლაცაბიძემ პარლამენტი დატოვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.