როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

2022-03-31 15:25:41

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ წუთებში მას კვლავ მორიგი ოპერაცია უტარდება.

"ჩატარდა ჩარევა სისხლძარღვებზე, მენჯის ძვლებზე, ახლა ბარძაყზე ოპერაცია მიმდინარეობს და შემდეგი ეტაპი არის უროლოგიური ოპერაციის ჩატარება. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. სასიცოცხლო პარამეტრების ყოველწუთიერი მონიტორინგი და მუდმივი დახმარება მიმდინარეობს. პაციენტი ჯერ ისევ საოპერაციო ბლოკშია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა 8 წლის ბავშვს დღეს დილით დაეჯახა.