ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ურბანული განვითარების გეგმა წარადგინა [video]

2022-03-28 16:45:42

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ნინო ლაცაბიძემ ქალაქის ურბანული განვითარების გეგმა წარადგინა. [ვიდეო/video]

როგორც რუსთავის მერმა განაცხადა,  დაგეგმილია მერიის არქიტექურის სამსახურის რეფორმა, ამასთანავე, მუნიციპალიტეტი ქალაქი ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობას იწყებს.

"რუსთავში მზარდია კომპანიების დაინტერესება ახალ მშენებლობებთან დაკავშირებით. დავიწყეთ არქიტექტურის  სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი, რომ ქალაქს სწორი ურბანული განვითარების ახალ ხედვასთან ერთად, ჰქონდეს ძლიერი მუნიციპალური სერვისი, რომელიც იქნება სწრაფი, ეფექტური და მოქნილი. ჩვენი მთავარი მიმართულება იქნება ახალ გენერალურ გეგმაზე მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტით კიდევ ახალი შესაძლებლობები გამოვლინდება ჩვენი ქალაქის", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი. დოხტურიშვილის თქმით, ქალაქის ახალი გენერალური გეგმა განმსაზღვრელი იქნება, როგორ უნდა განვითარდეს რუსთავი სწორად.

"დღეს ნინო ლაცაბიძემ გაგვაცნო ურბანული ხედვები,თუ როგორ უნდა განვითარდეს რუსთავი სწორად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი პროცესი, დღეის მდგომარეობით, ქალაქ არ გააჩნია გენერალური გეგმა, ჩვენ ამ დოკუმენტზე დავიწყეთ უკვე მუშაობა, რუსთავის მერის ინიციატივით, მოკლე პერიოდში, რუსთავს ექნება გენერალური გეგმა, რომელიც გულისხმობს, თუ როგორ უნდა განვითარდეს  ქალაქი სწორად", - განაცხადა დოხტურიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.

პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, რუსთავში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ 350 მილიონ ლარს გადააჭარბა.

თანამედროვე ელექტრონული სერვისები, ღია კონკურსები არქიტექტორებისთვის, ეკოლოგიური პაკეტები, მწვანე ქალაქის კონცეფცია, რუსთავის  განვითარების გენერალური გეგმის ახალი ხედვა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა - ეს ის პუნქტებია, რომელსაც ლაცაბიძის თქმით, არქიტექტურის სამსახურის რეფორმის პირველი ეტაპი მოიცავს.