გმირთა მოედანთან შესასვლელ, ერთ-ერთ ესტაკადაზე აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ ავტომობილების მძღოლებისთვის გზა ჩაეკეტათ და ცენტრალურ მონაკვეთზე ჩამოსვლის საშუალება არ მიეცათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა.
საბოლოოდ პოლიციამ გზის სავალი ნაწილი გაათაივუსუფლა, ადგილზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
გზის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
"თბილისში, 27 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა მოახდინეს სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტვა.
აღნიშნული ქმედება იწვევს დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი, გახსნან სატრანსპორტო მოძრაობა და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, იქნება აღკვეთილი",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ესტაკადები ჩაკეტეს, რასაც ადგილზე საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოჰყვა.