გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს საკუთარი შრიფტი აქვს. სპეციალურად შექმნილი შრიფტის პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული ვიდეო რგოლის ჩვენება რუსთავის თეატრში დღეს გაიმართა.
ის იქნება პირველი თეატრი საქართველოში, რომელსაც საკუთარი შრიფტი ექნება. სპეციალური შრიფტი კალიგრაფმა დათო მაისურაძემ შექნა.
ამასთანავე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, პოპულარიზაციას, საშემსრულებლო მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვას, სტუდენტების/მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ რუსთავის მუნიციპალური თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში; სტუდენტებს ასევე მიეცემათ საშუალება, საგანმანათლებლო მიზნებისთვის აქტიურად გამოიყენონ რუსთავის მუნიციპალური თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი.
რუსთავის თეატრს კი მიეცემა საშუალება, უნივერსიტეტის ბაზაზე ჩაატაროს ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსი, დეკორაციები, რეკვიზიტები.
მემორანდუმის ფარგლებში, პირველი ნამუშევარი იქნება, სოსო ნემსაძის მიერ დადგმული სპექტაკლი "თეთრი ჟამი", რომელშიც მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. სპექტაკლის პრემიერა რუსთავის თეატრში აპრილში შედგება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი მოაწერეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ.