რატომ დალუქეს რუსთავში ხორცპროდუქტების საწარმო [video]

2022-03-23 00:39:38

რუსთავში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმებული და დალუქული ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოს შპს „წიქარას“ დირექტორი, ფირუზ გოგიშვილი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ მათ საწარმოში გაურკვეველი წარმოშობის ხორცი არ აღმოუჩენიათ. [ვიდეო/video]

გოგიშვილის თქმით, 500 კილომდე ხორცისა და ხორცპროდუქტის დალუქვა, პროდუქციის საწარმოებლად საჭირო ერთ-ერთი ინგრედიენტის, სალის სრული დოკუმენტაციის არ არსებობის გამო მოხდა, რადგან სიმწირის გამო სალა კერძო მოვაჭრისგან შეიძინეს, შესაბამისად სრული დოკუმენტაციაც არ ჰქონდათ.

რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას და ანტისანიტარიას, ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ნამდვილად დაფიქსირდა და მის გამოსწორებაზე მუშაობენ.

"კრიტიკულ შეუსაბამობაზე არ ვიძახით არაფერს, რადგან ეს ჩვენი დანაშაულია. იყო ჭერზე უსუფთაობა და მაგას ვეთანხმებით.

სალაზე არ გვქონდა დოკუმენტაცია, რადგან კერძო მოვაჭრისგან ვიყიდეთ და მაგაზეა საუბარი.

ჩვენთან გადამუშავებული ფარში შემოდის მაცივრებში. სალა არ იშოვებოდა, ვიყიდეთ ბაზარში და მოვიტანეთ. შეუსაბამობას იძახიან საბუთი რომ არ გვქონდა. ხორცის ხარისხზე საუბარიც არ ყოფილა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ფირუზ გოგიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო ესაუბრა სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეს, ზურა მაკარაძესაც, რომელიც აცხადებს, რომ მზაპროდუქტის მისაღებად საჭირო ნედლეულზე, თუნდაც ერთზე თუ ვერ მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა, გაურკვეველი წარმომავლობის სურსათად ითვლება.

"შემოსულ იქნა შეტყობინება. რეგიონალური სამმართველოს უფლებამოსილი ინსპექტორების მიერ განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება. დაფიქსირდა სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ასევე კრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი მათ აღმოფხვრამდე. ასევე დალუქული იქნა ნედლეული, რომელიც იყო გაურკვეველი წარმომავლობის, 500 კილომდე. კანონმდებლობით ის პროდუქცია და ნედლეული მზა პროდუქტის მისაღებად, თუ მასში შემადგენელი ნედლეული, თუმდაც რამდენიმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საბუთი ითვლება გაურკვეველი წარმოშობის სურსათად",- განაცხადა ზურაბ მაკარაძე.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები