გაუქმდება თუ არა დისტანციური სწავლა სკოლებში

2022-03-22 12:08:07

დღეს გამართულ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა გაუქმდება და მათ შორის დისტანციურად მომუშავე პირები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ბრიფინგზე გამოსულ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება სკოლებსაც, რაზეც ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა კლასს ან სკოლას, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, ისევ შეეძლება:

"დღეს საბჭოზე იყო საუბარი, რომ დისტანციურზე ვინც იყვნენ საჯარო უწყებებში, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ, დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია. თუ სკოლაში არის ინფიცირება და სკოლა ჩათვლის საჭიროდ ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით, რომ კლასი ან სკოლა გადავიდეს დისტანციურზე, ის გადავა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 22 მარტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება.