ყველა შეზღუდვა, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მოხსნა

2022-03-22 11:47:58

საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნა.

28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა მოქმედი რეგულაციები.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, 28 მარტიდან, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.

დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

ამასთანავე, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომლის თანახმად, 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.