"ტარიფი, რომელიც დღეისთვის არის დაწესებული, უკანონოა"

2022-03-21 19:54:29

"ოთხშაბათს კომისიის სხდომაზე გვექნება ამ საკითხის განხილვა, თუ რატომ მოხდა თვითნებურად ტარიფის გაზრდა",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნოდარ შეროზიამ განუცხადა.

მისი თქმით, ტარიფის ზრდა უკანონოდ მოხდა რადგან, წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მგზავრობის საფასურად 50 თეთრია განსაზღვრული.

საკრებულოს წევრები მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს ოთხშაბათს შეხვდებიან და მათგან მოისმენენ, რა გახდა მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდის მიზეზი.

"საკრებულოს გადაწყვეტილება შიდასაქალაქო ტრანსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით არ მიუღია. გადაწყვეტილება, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს აქვს მიღებული, შიდასაქალაქო გადაზიდვებთან დაკავშირებით ტარიფი დადგენილია 50 თეთრი და ძალაშია ეს ტარიფი დღეის მდგომარეობით.

თვითნებურად მოხდა ტარიფების გაზრდა, ამაზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები და ოთხშაბათს კომისიის სხდომაზე გვექნება ამ საკითხის განხილვა, თუ რატომ მოხდა თვითნებურად ტარიფის გაზრდა.

მერიის სამსახურები იკვლევენ საკითხს და ოთხშაბათს საკრებულოს კომისიის სხდომაზე იქნება განხილული, თუ რატომ მოხდა ტარიფის 80 თეთრამდე გაზრდა. კომპანიების წარმომადგენლებიც მოვლენ და მოვისმენთ მათ პოზიციებსაც.

ტარიფი, რომელიც დღეისთვის არის დაწესებული, უკანონოა. სანამ საკრებულო არ მიიღებს ტარიფთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას, ყველა ტარიფი, რაც თვითნებურადაა დაწესებული არის უკანანო.

ეს ეხება საქალაქთაშორისოსაც",- განაცხადა ნოდარ შეროზიამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები