რუსთავის საკრებულომ კიდევ 3 კომისიის თავმჯდომარე აირჩია

2022-03-21 15:01:32

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ კიდევ სამი კომისიის თავმჯდომარე აირჩია.

სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თაკო მეტრეველი უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ მგელაძე იქნება, ხოლო ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ასევე ენმ-ის დეპუტატი ნინო სულაძე იქნება.

თავმჯდომარეობის კანდიდატები სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კანდიდატურების დაყენებაზე და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე ამჯერადაც უარი განაცხადეს და საკრებულო სხდომა დატოვეს.

როგორც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლმა მარი ლიპარტელიანმა განაცხადა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ წინა სხდომის მსგავსად კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის კითხვების დასმის საშუალება ამჯერადაც არ ექნებოდათ, რის გამოც მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატები არ დააყენეს ისინი კომისიების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები