ფორმულას ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2022-03-17 22:30:55

თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

როგორც ფორმულას რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

თავდამსხმელმა გაღიზიანება მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტ ნანო ჩაკვეტაძესაც.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულა”-ს თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით",- ნათქვამია განცხადებაში.