კობახიძე ზურაბიშვილზე: კონსტიტუცია დაურღვევია

2022-03-14 13:58:16

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან "პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვების დაწესებაზე" საუბრობს და აღნიშნულს "გაუგებარს" უწოდებს.

როგორც პრეზიდენტმა პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, 26 თებერვალს უარი ეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

"გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და "ამაში გაერკვევიან".

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით", - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, ადანაშაულებს თუ არა პრეზიდენტს ტყუილში, კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სავარაუდოდ, მართალი თქვა.

"პირიქით, თუ მართალი თქვა და სავარაუდოდ მართალი თქვა, კონსტიტუცია დაურღვევია, მაგას გავარკვევთ",- განაცადა მან.