"ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს"

2022-03-03 17:39:00

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირში გაწევრიანება.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ქართულ ოცნებაში” 2 მარტს განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალურ განაცხადა ახლა და არა 2024-ში, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი.

მანამდე, 28 თებერვალს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, “ქართულ ოცნებაში” თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი.

როგორც მაშინ ირაკლი კობახიძე აცხადებდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“.

თუმცა, მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა. კობახიძის სიტყვებით, განაცხადის დაჩქარებული წესით მომზადების გადაწყვეტილება “საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით” მიიღეს.