ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემოტანა იგეგმება.
"ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც ფაიზერის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაზუსტებულია, რომ ეს წამალი უნდა მივიღოთ,"- განაცხადა გამყრელიძემ.
გაბუნიას თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიდან მოწინავე პოზიცია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდს“ აქვს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მისი შემოტანის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, ყველაზე მოწინავე პოზიცია აქვს ფაიზერის მიერ წარმოებულ პაქსლოვიდს, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა. ხელშეკრულების გაუთქმელობის პირობებიდან გამომდინარე, ყველა დეტალის საჯაროდ დასახელება, ვიდრე არ დასრულდება ეს პროცესი, არ შეგვიძლია, თუმცა, მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ მოწოდების ვადების შესახებ მოსახლეობისთვის ცნობილი გახდეს. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს“, - განაცხადა გაბუნიამ.