"300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან"

2022-02-14 13:47:54

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველელთათვის სახელმწიფო დასაქმების პროგრამის მოსარგებლეს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება სახელმწიფო შემწეობა და კიდევ დამატებით 300 ლარიან დახმარებას მიიღებს.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ერთის მხრივ, ისინი მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს 400-500 ლარი, შეიძლება ეს იყოს 700-800 ლარიც და ამას გარდა, 300 ლარი ექნება დამატებით სახელმწიფოსგან. მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ ის არ დათანხმდება არცერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც, ვფიქრობთ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების სააგენტოს, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა იქცევა ჩვენი ვარაუდით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთის მხრივ, 200 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს და თვითრეალიზაციის საშუალებას და მეორეს მხრივ, ისინი უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ ადამიანებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა.