"დავასაქმებთ 200 000 ადამიანს"

2022-02-14 11:14:45

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 1 მარტიდან საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამას იწყებს.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა. გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000 და მეტი შრომისუნარიანია. ანუ 200 000 შრომისუნარიანი არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაზე. არიან დემოტივირებულები, რომ დასაქმდნენ ლეგალურად.

შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეები, ყველა ვისაც ეს შეუძლია, ჩაერთოს ამ პროცესში. ამ მიზნით ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე დასაქმების აქტიურ პოლიტიკას. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრას...

ჩვენი პროგნოზით დასაქმდება 200 000-ზე მეტი ადამიანი",- განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ამ პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს, დასაქმების შემდგომ არ მოეხსნებათ სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული დახმარება და შემწეობას 4 წლის განმავლობაში მიიღებენ.