დმანისის სოფლებში მერიის კომისია მუშაობს

2022-02-14 00:49:28

გიორგი დოხტურიშვილი - ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება.

"დღეს თბილისის დროით, 22:25 საათზე, სოფელ სამებასთან მომხდარი 6.2(ML) სიდიდის მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ჯავახში, ტნუსში, ბოსლებში, ვარდისუბანში, დიდ დმანისში, მაშავერაში, პატარა დმანისში, აზკაკლიანში, საფარლოსა და კამიშლოში მოსახლეობას დროებით შეუწყდა ელექტრო-ენერგიის მიწოდება - შესაბამისი უწყებების ოპერატიული რეაგირების შედეგად, შეფერხება დროულად აღმოიფხვრა.

ბიძგების შედეგად ჩამოინგრა სოფელ შახმარლოში საცხოვრებელი სახლის კედელი - ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ადგილზე უკვე აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი კომისია და ხდება ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც სრულად ანაზღაურდება", - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.