"მწვანე რაზმები" სუფთა რუსთავისთვის [photo]

2021-02-04 19:27:29

"მწვანე რაზმებმა" რუსთავში პირველი დასუფთავების აქცია ჩაატარეს. აქციის ფარგლებში, ახალგაზრდებმა მტკვრის სანაპიროდან ნარჩენები გაიტანეს.

"მწვანე რაზმების" პარტნიორი ქვემო ქართლში ორგანიზაცია "სიქაა". როგორც "სიქას" მოხალისემ, გიორგი თვალიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, რუსთავში ამ დროის მონაცემებით, 3 რაზმია ჩამოყალიბებული.

"რუსთავში ამ დროისთვის 3 რაზმია, თითოეულში არის 4-4 ბავშვი და აკეთებენ ეკო აქციებს, ოღონდ მთელი დედააზრი ამ ეკო აქციების არის ის, რომ ერთსა და იმავე ადგილს დაასუფთავებენ ყოველ თვე. ყველა რაზმს აქვს თავისი ტერიტორია და აკეთებენ ჩანაწერებსაც, რა მდგომარეობა იყო, რამდენი ტომარა ნაგავი ავიღეთ და ა.შ. ერთ თვეში რომ დაასუფთავებენ, ნახავენ, ცვლილება რამდენად მოხდა.

ეს უმაღლებს ბავშვებს ცნობიერებას, გარდა ამისა, ხდება ნარჩენების სეპარაცია და გადამუშავება და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უწევს ლობირებას. მაგალითად, მაგ კონკრეტულ ტერიტორიაზე ნაგვის ყუთი არ დგას, თუ დავინახეთ, რომ პირველ, მეორე, მესამე თვეს ნაგავი გროვდება, ბავშვების ინიციატივით, მერიაში წერილი შევა, რომ მაგ კონკრეტულ ტერიტორიაზე ნაგვის ყუთი დაიდგას", - განაცხადა თვალიაშვილმა.

რაზმებში 14 წლის და ზევით ახალგაზრდები არიან გაერთიანებულები.

"მწვანე რაზმები" ეს არის ეკო-აქტივისტების ქსელი, რომელთა მიზანია საქართველოს ბუნებაში არსებული ნარჩენების გატანა, ნარჩენების დახარისხება და მათი გადამუშავება შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები