"მოვიდა დაცვის უფროსი ზორბა მამაკაცი, თავი ვიღაც კრიმინალი მეგონა"

2022-01-30 11:01:31

"შვილიშვილებთან ერთად ვიყავი და ძალიან შემრცხვა, ბავშვების პასუხი ვერ გავეცი, რატომ არ შეგვიშვეს მოლში",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა რუსთაველმა განუცხადა, რომელიც რუსთავი მოლში არ შეუშვეს, რადგან თან 2 თვის ლეკვი ახლდა.

"სხვაგან თუ შევდივართ იქ რატომ არა. გამოდის, რომ ჩვენ იქ ვერასდროს ვერ უნდა შევიდეთ. მოვითხოვე მენეჯერი მაგრამ არ გამოვიდა. მოვიდა მარტო დაცვის უფროსი ზორბა მამაკაცი, ვიღაც კრიმინალი მეგონა თავი, ბავშვები თვალებდაჭყეტილი უყურებდნენ",- განუცხადეს "ინფო რუსთავს".

აღნიშნულთან დაკავშირებით ქალბატონმა სოციალური ქსელის "ფეისბუქის" სხვადასხვა ჯგუფში პოსტიც განათავსა, სადაც მოქალაქეებმა არაერთგვაროვანი მოსაზრება დააფიქსირეს. ნაწილი მოლის გადაწყვეტილებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ცხოველების სიყვარულის მიუხედავად, მათი ისეთ ადგილას შეყვანა, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება მიუღებელია. ნაწილისთვის კი გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ხელში აყვანილი ოთხფეხა მეგობრის მაღაზიებში შეყვანა, მითუმეტეს მაშინ, როცა დამტოვებელი არ ჰყავთ.

როგორც "ინფო რუსთავი" რუსთავი მოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ მოლის შიდა ტერიტორიაზე კვების ობიექტებია და უნდა მოხდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა, ძაღლებით შიდა ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება. გარდა ამისა, კომპანიას შეკვეთილი აქვს ძაღლებისთვის გარე ტერიტორიაზე დასამონტაჟებელი საკიდები.

"შეკვეთილი გვაქვს ძაღლისთვის გარე ტერიტორიაზე სპეციალური ჩამოსაკიდი, რომ დააბას და შემდეგ მომხმარებელს შეეძლება შიგნით შევიდეს მოლში. მოლში არის კარფური, კვების ობიექტები და ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე ძაღლების შეშვების უფლება არ გვაქვს",- აცხადებენ მოლში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები