"ქართული ოცნების" ოფისთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს შინაარსს აპროტესტებენ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი ახალგაზრდა კაცს.
კადრები, სავარაუდოდ, თბილისში, მეტროს ერთ-ერთ სადგურშია გადაღებული. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
“მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება[შსს-ს] საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, — დასძენს უწყება.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომელიც აცხადებს, რომ ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.