როდიდან გახდება რუსთავში ლიფტები უფასო

2021-12-19 11:14:28

პირველი იანვრიდან რუსთავის მერია ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქალაქში არსებული ლიფტების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია იგეგმება.ასევე პირველი იანვრიდან რუსთაველი მოსახლეობისთვის ლიფტებით მგზავრობა უფასო გახდება და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი თავის თავზე იღებს.

ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ახალი პროგრამის წარდგენაზე განაცხადა.

"რუსთავის მუნიციპალიტეტი 1-ელი იანვრიდან იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას, რომელიც ეხება ლიფტების მოვლა-პატრონობას, ასევე რეაბილიტაციას. ჩვენ რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს და კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ძველი ლიფტები ახლით ჩანაცვლდეს. იქამდე სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება შემოგვაქვს ახალი პროგრამა, კორპუსის ამხანაგობებთან ერთად ვაპირებთ მუნიციპალიტეტმა თავის თავზე აიღოს ის ხარჯები, რომლის გადახდაც აქამდე მოსახლეობას უწევდა ლიფტის მომსახურებაში. პირველი იანვრიდან რუსთავში ამხანაგობის მომართვის შემთხვევაში ლიფტები გახდება უფასო.

ძალიან ბევრი ადამიანი მსუბუქად და ქილიკით უყურებდა ამ საკითხს, თუმცა, მერწმუნეთ, რუსთავში 60 000 ადამიანი, რომელიც ყოველდღე სარგებლობს ლიფტით მათში ძალიან ბევრია პენსიონერი, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი და, ვფიქრობ, მათთვის ეს იქნება ძალიან დიდი შეღავათი, რომ მუნიციპალიტეტი გამართულ სწორ სერვის შესთავაზებს თითოეულ რუსთაველს",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის თქმით, წლის ბოლომდე მეგობრობის გამზირზე 60-მდე ლიფტი იქნება რეაბილიტირებული.

რუსთავის მერი განცხადებით, ქალაქში არსებული ლიფტების ჩანაცვლება-რეაბილიტაციისთვის საერთო ჯამში 40 000 000 ლარია საჭირო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები