1-ლი დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კოვიდსაშვი, ე.წ. მწვანე პასპორტები, ამოქმედდა, რომლის გარეშეც რიგ დაწესებულებებში შესვლა აკრძალულია.
ამ ჩამონათვალში შედის რესტორნებიც. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ქალაქის მასშტაბით არსებული რესტორნების ნაწილს ესაუბრა, სადაც აცხადებენ, რომ კოვიდსაშვების ამოქმედების დღიდან მათთან სტუმრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, რის გამოც რესტორანმა "სავანემ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ დახურულიყო და გატანის სერვისზე გადასულიყო.
რესტორნის მენეჯერის, მაია ჯამაკაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 55 დასაქმებულიდან 30-ის გაშვება მოუწია.
რესტორან "მადაგონში" აცხადებენ, რომ რამდენიმე დღიანი დაკვირვების შედეგად სტუმრების კლება შესამჩნევია, თუმცა ზუსტ რიცხვს ჯერ-ჯერობით ვერ ამბობენ. მათი თქმით, რესტორანში მისული ყველა ადამიანი კოვიდსაშვის ქონასთან დაკავშირებით ინფორმირებულია და ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პრობლემა არ შექმნილა.
რესტორანი "ლაზიკას" მენეჯერის, ანა ბრაგინას განცხადებით, 1-ლი დეკემბრის შემდეგ მათთან არცერთი სტუმარი არ შესულა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით გადაჭრით ვერ ამბობს დაიხურება თუ არა "ლაზიკა", თუმცა არც ამას გამორიცხავენ.
სტუმრების შემცირებაზე საუბრობენ რესტორან "სამეფოსა" და "თამადაშიც".