რის ხარჯზე გაიზარდა რუსთავის ბიუჯეტი

2021-11-26 15:34:34

რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 81 200 000 ლარითაა განისაზღვრული. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

როგორც სხდომის მომხსენებელმა, რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 31 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

"ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია შარშანდელთან შედარებით 31 მილიონი ლარით. კერძოდ, 22%-ითაა გაზრდილი შემოსავლების ნაწილში, 193%-ით გრანტების ნაწილი, მათ შორის რეგფონდის დაფინანსება არის გაზრდილი 169%-ით. ასევე, სხვა შემოსავლების ნაწილში გვაქვს 32%-იანი, ქონების გაყიდვიდან მისაღები შემოსავლების ნაწილში კი 380%-იანი ზრდა. საერთო ჯამში, ბიუჯეტი გაზრდილია 60%-ით", - განაცხადა კავთიაშვილმა.

2022 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 17 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან 2 მილიონი ლარი ავარიული კორპუსების გამაგრებას მოხმარდება.

5 მილიონი დაიხარჯება ძველი და ამორტიზებული ლიფტების ჩანაცვლებისთვის.

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ მიმართულებაზე გამოყოფილია 10 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის პროექტირებასთან დაკავშირებით ვრცელი ბრიფინგი გამართა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, სადაც საუბარი იყო იმ კონკრეტულ პროგრამებზე, რაზეც რუსთავის მერიის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტები იქნება გაკეთებული.

"მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გაორმაგებულია. გაზრდილია ოპერაციებისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშთა რეაბილიტაციის დაფინანსება (საწყისი იყო 200 000 ლარი და ახლა ვიწყებთ 400 000 ლარით). მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაემატა რამდენიმე ახალი პროგრამა. რუსთაველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას მოხმარდება 2 მილიონ ლარზე მეტი. გავზარდეთ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაც, 200 000 ლარი იყო და 500 000 ლარი გახდა, ასევე დავაფინანსებთ მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებსაც. ოქროსმედალოსანი მოსწავლეები, მერიისგან 500 ლარიან ჯილდოს მიიღებენ, ეს ჩვენი ახალი ინიციატივაა", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია ხელფასების ზრდაც, როგორც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, ასევე მაღალი თანამდებობის პირებისთვის.

შეგახსენებთ, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი გუშინ რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტის მიღების წინააღმდეგი იყო. მათი პოზიციით, მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცების ლეგიტიმაცია საკრებულოს ძველ შემადგენლობას არ ჰქონდა.