"ჩვენ არ დაგვირღვევია არცერთი პროცედურა, რასაც გვავალდებულებდა კანონი, ამიტომ მე აქ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე "ინფო რუსთავმა" ლაცაბიძეს ჰკითხა ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს პირდაპირ მერისგან ჰქონდა დავალება, ბიუჯეტი დაემტკიცებინა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ "საკრებულო მომავალში უფრო კომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებს".
"მე იმედი მაქვს, რომ საკრებულო მომავალში უფრო კომპეტენტურ შეფასებებს გააკეთებს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ 15 ნოემბრამდე ქალაქის ბიუჯეტი უნდა შესულიყო აუცილებლად საკრებულოში და ეს არ არის მხოლოდ რუსთავში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩვენ დავიცავით ყველა ის პროცედურა, რაც იყო კანონით გათვალისწინებული.
შევიდა 15 ნოემბერს, ბიუჯეტმა გაიარა ყველა დარგის, კომისიის სხდომა და მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დეტალურად ემსჯელათ დარგების მიხედვით კომისიურ ფორმატში, იყო ფრაქციულ ფორმატში ბიუჯეტის განხილვა. შენიშვნები არის საფუძველი იმის, რომ ბიუჯეტი უკან დაბრუნებოდა მერიას, შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში 25 ნოემბერი არის ის ვადა, როდესაც მტკიცდება ბიუჯეტი", - აღნიშნა ლაცაბძემ.
რუსთავის მერმა მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტი 31 მილიონითაა გაზრდილი და კიდევ გაიზრდება.
"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საკრებულომ დაამტკიცა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც არის გაზრდილი 31 მილიონი ლარით და ჯამში შედაგენს 81 მილიონს. რაც წლის განმავლობაში, გარწმუნებთ, რომ კიდევ არაერთხელ გაიზრდება და გაზრდილი ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ქალაქს აძლევს განვითარების ახალ შესაძლებლობებს და ჩვენც უკვე ძალიან სწრაფად დავიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელზეც ვსაუბრობდით მოსახლეობასთან ერთად.
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებული მატება გვაქვს, 10 მილიონი ლარით არის გაზრდილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. რუსთაველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩვენი ბიუჯეტიდან დაიხარჯება 2 მილიონ ლარზე მეტი", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.