რუსთავის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა [video]

2021-11-25 18:17:16

რუსთავის ძველი მოწვევის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მე-6 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომამ, სადაც ქალაქის მთავრი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

ძველი შემადგენლობის მიერ ახალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება არალეგიტიმურად მიიჩნიეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ნანა შატბერაშვილმა განაცხადა, 2022 წლის ბიუჯეტის მიღება დაჩქარებულად მოხდა, რადგან მომდევნო მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნება" უმრავლესობით არ არის წარმოდგენილი და ეს დაკავშირებული იყო მათი მხრიდან გარკვეულ შიშებთან.

"ჩვენ 2 დღეა მოვუწოდებთ დეპუტატებს ქართული ოცნებიდან და უმრავლესობიდან, რომ დღეს არ დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, რადგან ამას აქვს რამდენიმე ახსნა. ერთ-ერთი მათ შორის არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალი მოწვევის საკრებულომ იმიტომ, რომ ის არის მაკონტროლებელი შემდეგ.

მათ ჰქონდათ პოლიტიკური დავალება მიცემული, რომ აუცილებლად უნდა დაემტკიცებინათ, რადგან აქვთ შიშები, რომ ახალი მოწვევის საკრებულოში არ აქვთ უმრავლესობა და შეიძლება ახალი მოწვევის საკრებულოს უბრალოდ 2-ჯერ არ დაემტკიცებინა რუსთაველების არასაჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტი, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ახალ არჩევნებს როგორც საკრებულოს, ისე რუსთავის მერის ნაწილში", - განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.

როგორც რუსთავის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ქავთარაძემ განაცხადა, ქალაქის მთავარ ფინასნურ დოკუმენტთან დაკავშირებით მათ არ ჰქონიათ არანაირი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რის საფუძველზეც პროექტის უკან გაბრუნება მოხდებოდა.

"ბიუჯეტი ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განიცდის ცვლილებებს. დღეს ბიუჯეტის დამტკიცება არის ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ბიუჯეტი ისეთი მომზადბული იყო, რომ ფაქტიურად 60 %-იანი ზრდის ფონზე, არცერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რის საფუძველზეც ბიუჯეტი უკან გაბრუნდებოდა, ჩვენს გუნდს არ ჰქონია. ჩვენ ერთი პოლიტიკური გუნდი ვაგრძელებთ ქალაქის მართვას და ვფიქრობთ, რომ იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც გააგრძელებს, ეს ბიუჯეტი იქნება გარკვეული კომფორტის შემქმნელი", - განაცხად ნინო ქავთარაძემ.

მიუხედავად ენმ-ს წევრების პოზიციისა, ძველი მოწვევის საკრებულომ რუსთავის 2022 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები