"ცდილობდა გავეშველებინეთ მე და დედაჩემი, მაგრამ მე ეს უფრო ნერვებს მიშლიდა",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მარიამ ქოჩიშვილმა განუცხადა, რომელიც აღიარებს, რომ მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდა. [ვიდეო/video]
ახალგაზრდა ქალის თქმით, თავდაპირველად კონფლიქტი მასსა და დედამის შორის დაიწყო. დედა-შვილის გაშველებას მამაკაცი ეცადა, რა დროსაც, მარიამ ქოჩიშვილის განცხადებით, ქმარმა ხელი კრა, რამაც ახალგაზრდა ქალი უფრო გააღიზიანა და კაცს ფიზიკურად გაუსწორდა.
"თავიდან ჩხუბი ჩემსა და დედაჩემს შორის დაიწყო სიტყვიერად. შემდეგ გიორგი ჩადგა ჩვენს შუა, ვეუბნებოდი გაიწიე თქო და არ გაიწია. მერე ხელი მკრა და რას ჰქვია ხელი მკარითქო, მაგის ცემაში ფრჩხილებიც დავიმტვრიე. ის ცდილობდა გავეშველებინეთ მე და დედაჩემი, მაგრამ მე ეს უფრო ნერვებს მიშლიდა. შუაში მიდგება, მეჩხირება. ბოლოს იქამდე მიმიყვანა, რომ ხელითაც შევეხე და კაი დაზიანებებიც აქვს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მარიამ ქოჩიშვილმა.
ქოჩიშვილის თქმით, მან ფიზიკური დაზიანებები მეუღლეს სახის, ზედა და ქვედა კიდურების ნაწილებში მიაყენა.
"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა მარიამ ქოჩიშვილის მეუღლესაც, რომელმაც კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებაც დაიწყო და ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.