აქცია რუსთავის მერიასთან [video]

2021-10-24 15:51:31

რუსთავში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

როგორც აღნიშნულ საქმეზე დაკავებული 5 პირის ადვოკატი, ანნა კეკენაძე აცხადებს, ბრალდებულების მიმართ ხორციელდება უკანონო ქმედებები, რადგან ისინი საპარლამენტო არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" არ დაეხმარნენ.

"2021 წლის 8 ივლისს ქალაქ რუსთავში განხორციელდა 17 პირის დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით. როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი ვარდუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განცხადა, მასთან მიდიდოდნენ როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნები და სთხოვდნენ არჩევნებში დახმარებას, თუმცა ამაზე მიიღეს უარი, რაც შემდეგ გახდა საფუძველი უკვე იმისა, რომ დაეკავებინათ ეს ადამიანები და ჰყოლოდათ იმ არაადამიანურ პირობებში, რაშიც ჰყავთ უკვე მეოთხე თვეა.

ბრალდებულ პირთა მიმართ ხორციელდება გაუგონარი ქმედებები. მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში, ხდება მათ მიმართ ახალი ბრალების წარდგენა.

ასევე, თითოეულ მათგანს აკრძალული აქვს ზარის უფლება, ოჯახის წევრების ნახვის უფლება, ადვოკატთან კომუნიკაციის უფლება, დაკავებიდან მეორე დღესვე, ბრალდებულები გიორგი ვარდუაშვილი და ანზორ შუბითიძე გადაყვანილი იქნენ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, სადაც სამარტოო საკნებში ჰყავთ 24 საათიანი ვიზუალური თვალთვალის ქვეშ.

მე მინდა საბოლოოდ გავაფრთხილო სასამართლო და ხელისუფლების წარმოიმადგენლებიც, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ყოველთვის მოვითხოვთ, რომ სასამართლო არ იყოს კორუმპირებული და პოლიტიზირებული", - განაცხადა ანნა კეკენაძემ.

აქციის მონაწილეებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ქალაქის პროკურატურასთან გადაინაცვლეს.